ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია  98 ქვეყანაში მიმდინარეობს, 130 ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა. თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, 5 წელი დასჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დღეისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98 ქვეყანაში მიმდინარეობს, 130 ქვეყანაში კი ჯერ არ დაწყებულა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გლობალურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ვაქცინაცია მომავალშიც დღევანდელი ტემპებით გაგრძელდა, როგორიც ახლაა, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნას 5 წელი დასჭირდება.

" დღეს დილისთვის დაახლოებით 209 მილიონი ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში. ამ ტემპით, როგორც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში ვაქცინაცია, გათვლილია, რომ 75 პროცენტზე რომ ავიდეს მოიცვა და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, დასჭირდება 5 წელი, რაც ძალიან ბევრია.

მოგეხსენებათ, მაგალითად აშშ გეგმავს, დაამთავროს ვაქცინაცია ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, ორჯერადი დოზით აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანა გიბრალტარს – 37 პროცენტი. შემდეგ მოდის ისრაელი 34 პროცენტით, შემდეგ სეიშელი, სერბეთი, აშშ, მალტა. რაც შეეხება აბსოლუტურ ციფრში, თუ ვის რამდენი ჰყავს აცრილი, ყველაზე მეტი არის აშშ-ში – 64 მილიონი, ჩინეთში 40 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში 18 მილიონი, ინდოეთში 11 მილიონი, ისრაელს 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი. მოოგეხსენბათ, საჭიროა ორი აცრა გარკვეული დროის გამოტოვებით, რომ მყარი იმუნიტეტი შეიქმნას“, - გნაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.