რუსეთს მედიცინის თითქმის 500 მუშაკი ჰყავს დაკავებული. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), ევგენი ციმბალუკმა განაცხადა.
ელჩის შეფასებით, რუსეთი ჟენევის კონვენციებს არღვევს.
რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ამჟამად 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ უკრაინელმა ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე - „თავისუფლება თუ შიში.“
ლუბინეცმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმარონ უკრაინის სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და სახლში დაბრუნებაში.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ ამოწმებს მათ მდგომარეობას, ვერ ახერხებს რუსეთის ციხეებში შესვლას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
„მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემაა. ამჟამად დადასტურებულია, რომ უკრაინის 28 000 მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას – დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!" - განაცხადა ლუბინეცმა.