სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან: პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) საგამოძიებო იზოლატორში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავისი საქმე შეადარა აგვისტოში დაღუპული კერძო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხს შეადარა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პრიგოჟინის ბედი გაიზიაროს.

"პრიგოჟინის მოშორებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. პრეზიდენტმა სპონტანური სიკვდილის ვერსია გაახმოვანა - ამ ვერსიის არ მჯერა," - განუცხადა სტრელკოვმა გაზეთ Baza-ს.

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები.

„ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, მე "ამნისტირებული" ვიქნები, ისევე როგორც „მზარეული“ ["პუტინის მზარეული" პრიგოჟინის მეტსახელია, რომელიც კრემლში ბანკეტების ორგანიზებისთვის მიენიჭა - რედ.]," - განაცხადა სტრელკოვმა.


სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა სტრელკოვმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.


ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი გამოცხადდა.