წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს.


„გმირ სამხედროს სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა.

დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.