ელჩი ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ჰერჩინსკის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი."

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროგრესის ნაწილად მიიჩნევს ანტიკორუცფიული ბიუროს შექმნას და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა ამბობს, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია."


„დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაერო-ს კონვენციის მიღებიდან მე-20 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. კორუფცია ყველა ქვეყანას ეხება. ის ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდის არასტაბილურობას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა შეგვახსენებს ამ გამოწვევების არსებობას და მათ გადასაჭრელად გაწეულ ძალისხმევას. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია.


ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წინსვლას ადასტურებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ წინსვლის ნაწილია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, რათა კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოს. ერთად გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.