პოლიტიკა
ახალი ამბები
ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე.
„გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე.
ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება.
როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად,“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს უნგრეთის წინააღმდეგობაზე, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას არ ეთანხმება. როგორც ცნობილია, გაფართოების პაკეტი კი, საქართველოს ჩათვლით 10 ქვეყანას ეხება.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.