პარლამენტმა, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნა. ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა.
ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ.
„დღეს სწორედ სიმბოლურია, დღეებია დარჩენილი, რომ ევროპულმა საბჭომაც ზუსტად იგივე თქვას, რაც არის ბანალური ჭეშმარიტება, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპა და ყველა ამ გადაწყვეტილებას ველოდებით.
ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიას, მისი მაგვარი პოლიტიკოსების, არამხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, მანამდე, ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრები, მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანამდეც – იქნებოდა ეს სულხან-საბა, ფარსმან ქველი – ყველა ეს თაობა, ერთ რამეს გვაჩვენებს, როცა ვუყურებთ ისტორიას და სწორედ ამან ათქმევინა ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიას, რომ საქართველო, არის შემოქმედი ევროპისა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჯილდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას გადასცა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.