ოლენა ზელენსკა: მსოფლიო თუ დაიღალა უკრაინის დახმარებით, უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე. ზელენსკას თქმით, მსოფლიო თუ დაიღალა უკრაინის დახმარებით, ეს ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხე იქნება. BBC წერს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, პირველმა ლედიმ გამოხატა სერიოზული შეშფოთება დაფინანსების შეფერხების გამო.


„ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციით დაღლა, რადგან თუ ამას გავაკეთებთ, მოვკვდებით. მსოფლიო თუ დაიღლება, ისინი ჩვენ, უბრალოდ, სასიკვდილოდ გაგვწირავენ. ძალიან მტკივნეულია იმის ნიშნების დანახვა, რომ დახმარების მგზნებარე მზადყოფნა შეიძლება, გაქრეს. ჩვენთვის ეს სიცოცხლის საკითხია. ამიტომ არის მტკივნეული ამის დანახვა,“ - განაცხადა ზელენსკამ.