საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.
როგორც უწყებაში განაცხადეს, საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.
„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.
„ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
გამომდინარე იქედან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი,” - აცხადებენ სუს-ში.
დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.