აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის ვადას აპრილამდე ახანგრძლივებს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება. მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 2 იანვრამდე იყო განსაზღვრული.


„ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს,“ - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.