გერმანია 2024 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში ანა ლიურმანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გააორმაგებს.

კიევის მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხა 8 მილიარდ ევროს შეადგენს.


„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მომავალ წელს 4 მილიარდიდან 8 მილიარდამდე,“ - განაცხადა ლურმანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და უკრაინისთვის მიმდინარე კვირა გადამწყვეტია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხში. 

გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“

გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.