ჩეხეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

„შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.