უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.
„ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულებას თქმით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა.
„მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა კულებამ.
ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს.