რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინული, „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ „დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით.“ რუსეთის განცხადებით, „უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში.“
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დამოუკიდებელი რესურსები ცნობის გადამოწმებას ვერ ახერხებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებში ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბელგოროდის ერთ-ერთ დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც შვიდი სახლი, სამი ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა.