ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის 15 მილიარდი ევროს მოზიდვას ცდილობს - FT

ბრიუსელი მიზნად ისახავს,  გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის სასარგებლოდ 15 მილიარდი გამოიყენოს. ეს საკითხი ბრისუელში 12 დეკემბერს განიხილება. წერს Finacial Times-ი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა დაახლოებით, 215 მილიარდი დოლარის აქტივები გააყინა რუსეთის ცენტრალური ბანკიდან.


„საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იყოს უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ,” - წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა.


Financial Times-ის ორი წყარო მაშინ ამბობდა, რომ ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავდა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაშია ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს.

პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.