ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმე იქნება. შესაბამისი განცხადება შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
„თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული. უნდა მოხდეს მკლელების მიმართ სამართლის აღსრულება, ყველაზე ლოგიკური გზაა მკვლელების გადმოცემა. [მკვლელები] იდენტიფიცირებულნი არ არიან, "ოქროს მოწმემ" ვერ ამოიცნო," - განაცხადა ანთაძემ.
ანთაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 37 მოქალაქე. მათ შორის ხუთი პირველ ნოემბერს გამართული 115-ე შეხვედრის შემდეგ.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციტენტი - მათ შორის, უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, რასაც წინ უძღოდა, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.