ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 116-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე.
„ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, „სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული.“
თავის მხრივ, ოსურმა მხარემ, ირაკლი ანთაძის თქმით, დააყენა „დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით, რასაც გაეცა პასუხი და დასაბუთდა მათი უსაფუძვლობა."
- „ისინი შეეცადნენ, წარმოეჩინათ მკვლელობის ეს ბარბაროსული აქტი ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ და ყველა არსებულ ფორმატში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გამოძიების პრეროგატივაა მკვლელების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, "ოქროს მოწმემ", ლევან დოთიაშვილმა, ვერ შეძლო მკვლელების ამოცნობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი 5 მოქალაქის საკითხზეც და აღნიშნა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით "არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა." ქართული მხარის მოთხოვნა იყო მათი ოჯახებში დაბრუნება.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.