პრეზიდენტის კამპანიას - „ჩვენი ხმა ევროპას“, სააკაშვილი და მარგველაშვილიც შეუერთდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის, პეტიციას ხელი თავადაც მოაწერა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

„მე მიმაჩნია ანომალიად, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს მოქმედი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკოსი. ინსტიტუტების პატივისცემა გულისხმობს არა უბრალოდ პოლიტიკოსების, არამედ ამ ინსტიტუტების დამკავებელი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობის მიცემას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 


"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" გავრცელებულ გზავნილში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერას ეხმაურება. 


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის  - „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები სიმბოლურად გადასცა.