სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა კარგია საქართველოს განვითარებისთვისაც - მიშელი

ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო.


„ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც.


„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში.


ევროკავშირის მსგავსად, აშშ-შიც საუბრობენ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს.


  • „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.