ბაქო ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებებს მიუღებელს და მიკერძოებულს უწოდებს

ბაქო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს „უსაფუძვლო განცხადებებში“ ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის შეფასებით, ჯეიმს ო’ბრაიენის ცალმხრივი და მიკერძოებული შენიშვნები კონტრპროდუქტიული, უსაფუძვლო და მიუღებელია.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები არარელევანტურია და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.


„აშშ, როგორც არარეგიონული ძალა, თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო უსაფრთხოების მცდელობებს. ამერიკული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სომხეთმა არ შეასრულა მე-9 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები, რამაც აიძულა აზერბაიჯანი, ალტერნატიული გზები მოეძიებინა. აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა, შეთანხმდეს მეზობელ ქვეყნებთან საკომუნიკაციო ხაზების აშენების შესახებ, რაც ასევე მოიცავს შეთანხმებას ირანთან, რომელიც დაკავშირებულია მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მარშრუტთან.

ამ ფონზე, აზერბაიჯანი ასევე ადასტურებს 3+2 ფორმატის (აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი-რუსეთი-ირანი) პრიორიტეტს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ძირს უთხრის ამ ძალისხმევას, შეუსაბამოა,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამ განცხადებაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ე.წ. 3+3 ფორმატი 3+2 პლატფორმით ჩანაცვლდება. თუმცა სხვა წყაროებში რაიმე ოფიციალურ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ იძებნება და არც აზერბაიჯანული მხარის განცხადებაშია განმარტება მოცემული, თუ რას გულისხმობენ უფრო კონკრეტულად.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო უწყება 3+2 ფორმატის სახელწოდებას იყენებს. ეს ის ფორმატია, რომელიც აქამდე „3+3“ სახელწოდებით იყო ცნობილი და მასში საქართველო მონაწილეობაზე უარს ამბობს.


შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.


ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა.