საქართველოსა და რუმინეთს შორის ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების მინისტრი ბოგდან - გრუია ივანი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების სამინისტროს შორის “ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.“


„ჩვენ რუმინეთის მხარესთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას. საუბარია, როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებითამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაკავშირების საკითხების შესწავლაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად საქართველო უკვე ახორციელებს, მონაცემთან ცენტრების შექმნასა და ამ კუთხით თანამშრომლობაზე, რასაც, რუმინეთთან ერთად, ევროკავშირიც მხარს უჭერს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


რუმინეთის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ტელეკომუნიკაციებისა და  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ხაზი გაესვა  საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

კერძოდ, საერთაშორისო ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონუი „მონაცემთა ცენტების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.


მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების; აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერის; საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის ციფრული დერეფნების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით; მონაცემთა ცენტრების /ღრუბლოვანი კომპიუტერული საშუალებების განვითარების ხელშეწყობის; ICT მეწარმეობის განვითარების; ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტების ხელშეწყობის; ელექტრონული კომერციის განვითარების; ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების და სხვა საკითხებზე