გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეეცდებიან, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიციის ფონზე, წინსვლის გზა იპოვონ.
„ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე დასასწრებად ქალაქში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი, უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ღია დივერსიას აწყობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და საბოლოოდ დათმობს - და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს.
ევროპარლამენტში გერმანელი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, იენს გეიერმა განაცხადა, რომ „ორბანის წყალობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სამიტის მაგიდასთან ზის. ამ ფონზე, დღეს დილით, საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად ორბანს შეხვდება, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, -აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში.
პოლონური მედიასაშუალება PolskieRadio24 იუწყება, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყება გადაიდო. მედიის ცნობით, ორბანს, მაკრონსა და შოლცს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს ასევე ესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ეს არის ბოლო შანსი, დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი უკრაინის დახმარებაში,“ - წერს PolskieRadio24.