გადამწყვეტ სამიტამდე, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბკლოკა

ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამასთან, ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი. ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ევროკომისიის ცნობით, ამგვარად უნგრეთს შეუძლია, ქვეყნის განვითარებისთვის 10,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს.


ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რომელზეც გაფართოების საკითხი განიხილება. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავს.


იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი აცხადებს, რომ უნგრეთის ამჟამინდელი რეფორმები სრულად შეესაბამება შეთანხმებულ მოთხოვნებს.

„ჩვენ მივიღეთ საკმარისი გარანტიები, რათა ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უნგრეთში გაძლიერდა,“ – განაცხადა ევროკომისარმა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს ისევ შეხვდებოდა ვიქტორ ორბანს. პარალელურად, ზელენსკი ელოდა ორბანის პასუხს კითხვაზე, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში.

ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.


მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.