„დოიჩე ველეს“ ცნობით, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნიშნად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში სამიტის წინ შეხვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. მათ შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ უკრაინის დახმარებასა და წევრობის მოლაპარაკებებს ვეტოს დაადებს. ლიდერები იკრიბებიან ევროკავშირის წლის ბოლო სამიტზე. სავარაუდოდ, მწვავე თემა იქნება კიევისთვის ფინანსური დახმარება, პლუს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, ორივე გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით დაიმუქრა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორბანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია.
თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ ის იყენებს ამ საკითხს, როგორც ვაჭრობის საშუალებას, რათა ევროკავშირმა გაყინული ფინანსები განბლოკოს.
„მე ვერ შევალ „საბაზრო ლოგიკაში,“ სადაც შეგვიძლია, ვივაჭროთ ერთი რამით, მეორის სანაცვლოდ. საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოებას, მათთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას, ეს არის დისკუსიის თემა. სხვა დისკუსია ეხება უნგრეთში კანონის უზენაესობას და მას არაფერი აქვს საერთო იმ დისკუსიასთან, რომელიც დღეს გვაქვს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც სურს პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს... შესაძლოა, ეს გაკვეთილია თავად ორბანისთვის,“ - აღნიშნა დე კროომ.