100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

გოგა ჩანადირის სვეტი

უმძიმესი დღეა 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში.ზუსტად 100 წლის წინათ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა და ოკუპაცია მოახდინა. მთავრობის სახლიდან ჩამოხსნეს სამფეროვანი სახელმწიფო დროშა და მის ნაცვლად წითელი დროშა აღმართეს, რაც სერგო ორჯონიკიძემ ბაქოდან ლენინსა და სტალინს უდეპეშა შემდეგი ტექსტით: Ленину, Сталину,

Баку. 25.II. 21 г. Над Тифлисом реет Красное Знамя Советской Власти.

Да Здравствуйет Советская Грузия.

Орджоникидзе“

(„ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე“).

ოკუპაციამ სრულიად შეცვალა საქართველოს ისტორია. ქვეყანას ტერიტორიების 30 % ჩამოეჭრა, რითაც ერთა ლიგის მიერ ცნობილი რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დახვრიტეს არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი და მეცნიერი. ავტონომიური რესპუბლიკების სახით დაგვიდეს შენელებული მოქმედების ნაღმები. საქართველო აიძულეს, უარი ეთქვა ევროპასთან ინტეგრაციაზე და გადაეხვია დასავლური დემოკრატიული ფასეულობებისგან. ქვეყანაში ტერორმა დაისადგურა და კერძო საკუთრების ცნება ფეხქვეშ გაითელა.

რუსეთმა, უპირველესად დაარღვია საქართველოსთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლენინის მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობას დე იურედ აღიარებდა.ოკუპაციის 90-ე წელს საქართველოს პარლამენტმა ოკუპაციის დღე დააწესა. ამ დღეს სახელმწიფო დაწესებულებიდან დროშები ეშვება და წუთიერი დუმილი ცხადდება.

საქართველო 70 წელი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მაგრამ საბჭოთა მემკვიდრეობისგან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გათავისუფლდა. ეს კვალი ახლაც, 30 წლის შემდეგაც არ გამქრალა, რაც ხელს უშლის მეტი ევროპული ფასეულობის დამკვიდრებას.100 წლისწინანდელი ოკუპაცია უნდა გვახსოვდეს სწორედ იმიტომ, რომ უფრო ძლიერი, დემოკრატიული ევროპული საქართველო გვქონდეს.