17 დეკემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ წმინდა ბარბარეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას 2018 წლის 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ჩაეყარა საფუძველი და მიზნად ისახავს, აღადგინოს და განამტკიცოს თბილისისთვის, მისი უბნებისა და ეზოებისთვის დამახასიათებელი თანაცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე - სოლიდარობა და თაობათა შორის ურთიერთობები.
„ჩვენი უბნის ბიჭები'' რომლის სახელით და ორგანიზებითაც ტარდება ღონისძიება, უბნის ახალგაზრდობის ინიციატივაა, რომლებმაც გადაწყვიტეს, გააერთიანონ უბნის მცხოვრებლები, ყველა თაობის ადამიანი. საინტერესოა და თბილისისთვის არაა უჩვეულო ისიც, რომ ბარბარობის რელიგიური დღესასწაული ყველა ასაკის, გემოვნების, ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველია. ეს გასულმა წლებმაც აჩვენა. მინიმუმ 50 000 ადამიანი ესწრება და უკვე ოჯახური დღესასწაულია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
წელს ,,ჩვენი უბნის ბიჭები'' კიდევ უფრო მასშტაბურ და სიურპრიზებით სავსე ბარბარობის დღესასწაულს ჰპირდება დამსწრე საზოგადოებას. მთელი დღის განმავლიბაში ბავშვებს ორმოცამდე ლოკაციაზე დახვდებათ ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი პროგრამები, ატრაქციონები და სხვადასხვა აქტივობა.
სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის,ასევე ყველა დამსწრესთვის იქნება უფასო როგორც ბარბარობის დღისადმი დამახასიათებელი ტრადიციული - ლობიანი, ასევე, გლიტვეინი, და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი პროგრამა.
„იქნება ჭადრაკის, სიმღერის, ცეკვის, კლიპის პრეზენტაციის, სხვადასხვა სახის ფერწერული და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, დაჯილდოების, სიურპრიზების, ბევრი ღიმილის და ურთიერთთანადგომის ნამდვილი ზეიმი. ასევე,ცნობილი შეფ-მზარეულის მიერ გამოცხვება სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი გიგანტური ლობიანი. გელით ყველას, ერთად ვიზეიმით ბარბარობა,“ - აცხადებენ ორგანიზატორები.