პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. დღეს, 15 დეკემბერს ეს იყო პირველი პლენარული სხდომა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ჰიმნის ჩართვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა და მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა."


„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს! გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადმოფენილია ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

„ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაახვედრეს ევროკავშირის დროშები. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს რომ "დეპუტატების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო" მხოლოდ უმრავლესობისთვის საქართველოსა და ევროკავშირის დროშების დადება და ფრაქციამ მათ ამის შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა.