ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.
შესაბამისი სიახლე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სოციალურ ქსელ X-ზე განთავსდა.
ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.
ევროპელი ლიდერები დღეს ბრიუსელში, ორდღიან ისტორიულ სამიტზე შეიკრიბნენ.
ცნობისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა დაამტკიცეს.
13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.