ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, არნოლდას პრანკევიჩიუსმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია მკვეთრად გააკრიტიკა.
დიპლომატმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ თუ ის არ იზიარებს სხვა წევრების შეხედულებებს, მან ბლოკიდან გასვლა უნდა განიხილოს.
„ერთი წევრის გარდა, ყველა დათანხმდა გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას, ერთის გარდა, ყველა მიუახლოვდა გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიწოდებაზე. ერთის გარდა, ყველამ ყველას მიულოცა სამიტის შედეგები, მაგრამ ის ერთი ტრაბახობს უკრაინის დახმარებაზე ვეტოს გამოყენებით. ვისურვებდი, რომ მას არასოდეს დასჭირდეს სხვების სოლიდარობა და არასოდეს გამოსცადოს მოკავშირეების ვეტო სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაზე. ევროკავშირი ძლიერია სოლიდარობისა და ურთიერთნდობის გამო. თუ მზად არ ხართ, რომ ამ ორიდან რომელიმე გაიზიაროთ, მხოლოდ ერთი სწორი გამოსავალია: ბლოკი დატოვეთ,“ - დაწერა არნოლდას პრანკევიჩიუსმა სოციალურ ქსელში.
მან უნგრეთს უსურვა, არასოდეს განიცადოს ომი, რომელსაც ამჟამად უკრაინელი ხალხი გადის, არასოდეს დაბომბონ მისი ქალაქები, არ დაიღუპონ მისი მოქალაქეები და არასოდეს არ იყოს მისი ტერიტორიები ოკუპირებული აგრესორ სახელმწიფოს მიერ.