სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან, რომ დღეს, 18 დეკემბერს დილით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.
ფხენიანის რაიონიდან გაშვებულმა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტამ 73 წუთში დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის კუნძულ ხოკაიდოსთან, ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში ჩამოვარდა.
17 დეკემბერს, საღამოს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაც, რომელმაც ზღვაში ჩამოვარდნამდე დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა.
ბალისტიკური რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმეს და ფხენიანი კვლავ დაადანაშაულეს გაეროს რეზოლუციების დარღვევასა და რეგიონისთვის საფრთხის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციებით აკრძალული აქვს, მხოლოდ 2023 წელს 20-მდე გამოცდა ჩაატარა.