საქართველოში ახალი პროექტი – „ლეგენდების სერია“ (Legend Series) იწყება, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო ზეიმისა და სადღესასწაულო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
„ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი, 2024 წლის მარტში გაიმართება – ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს „ლეგენდების ნაკრები“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის, მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდება.
GEO 11-ის შემადგენლობაში ითამაშებენ, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი, ლევან კობიაშვილი, ყველა დროის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია.
„ინტერის“ ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო, რომელიც იმ „ტრებლის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელიც „ინტერმა“ 2010 წელს მოიგო.
„ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი ღონისძიების ნაწილი ვიქნები და კიდევ ერთხელ ვითამაშებ საქართველოს ნაკრების მაისურით, ამჯერად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, სადაც არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ითამაშა.
ჩვენთვის პატივია მილანის „ინტერთან“ დაპირისპირება და ვეცდებით, შესანიშნავ ფეხბურთელებს ღირსეული თამაში დავუპირისპიროთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით გულშემატკივარები, სპორტის მოყვარულები და ყოფილი ფეხბურთელები ძალიან გაიხარებენ. შევხვდებით მარტში,“ - ამბობს შოთა არველაძე.
„მოხარულები ვართ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, სადაც „ინტერს“ 1970-იანი წლების შემდეგ არ უთამაშია. ეს მატჩი არის დიდი შესაძლებლობა, რომ დავბრუნდეთ საქართველოში, ჩვენი გუნდის ლეგენდებთან ერთად, რომელთაც ექნებათ შანსი, ითამაშონ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ.
ეს ღონისძიება ორ ქვეყანას შორის კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. მსგავი სპორტული მატჩები და ღონისძიებები არის შესაძლებლობა პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ახალი, ისე ძველი თაობის გულშემატკივრები,“ – აცხადებს ალესანდრო ანტონელო, მილანის „ინტერის“ კორპორატიული დირექტორი.
- „ინტერის“ კიდევ ერთი ლეგენდა, კლუბის დიდების დარბაზის წევრი ესტებან კამბიასო გულშემატკივარს დასამახსოვრებელ მატჩს ჰპირდება:
„მოხარული ვარ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ვითამაშოთ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით. მე და ბევრ ჩემს თანაგუნდელს საფეხბურთო კარიერის პერიოდში არ გვქონია ამ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა. ამ ინიციატივის წყალობით კი, ჩვენ შევძლებთ ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩმა ფანტასტიკურ გარემოში ჩაიაროს.“