ნავთობისა და გაზის გიგანტმა BP Plc-მა განაცხადა, რომ ჰუსიტების ბოევიკების მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმების ესკალაციის შემდეგ, წითელი ზღვის გავლით, ყველა გადაზიდვას შეაჩერებს.
„წითელ ზღვაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების ფონზე, BP-მ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ყველა ტრანზიტი წითელ ზღვაზე,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიამ – Maersk-მა და Hapag-Lloyd-მა ორი დღის წინ განაცხადეს, რომ შეაჩერეს ტვირთების გადაზიდვა წითელი ზღვის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობისთვის. მანამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა არის ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო. იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ ორ გემზე მიიტანეს იერიში. ამასთან, თავდასხმის მიზეზად დაასახელეს ის, რომ გემებმა უგულებელყვეს იემენის საზღვაო ძალების განცხადება და ეს იყო პასუხი პალესტინელი ხალხის ჩაგვრაზე ღაზის სექტორში.