თეგი: BP
BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს
ნავთობისა და გაზის კომპანია BP რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ტოვებს და 20%-იან წილზე უარს აცხადებს. „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს დატოვებენ BP-ს ხელმძღვანელი ბერნარდ ლუნი და კომპანიის ყოფილი ტოპ-მენეჯერი ბობ დადლი. „რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე აგრესიის აქტია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები აქვს რეგიონში. BP 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, არაჩვეულებრივ რუს კოლეგებთან. თუმცა ეს სამხედრო ქმედება ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს. ამიტომ, BP-ს სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ „როსნეფტთან“ თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
BP წითელ ზღვაზე ყველა ტანკერის ტრანზიტს დროებით აჩერებს
ნავთობისა და გაზის გიგანტმა BP Plc-მა განაცხადა, რომ ჰუსიტების ბოევიკების მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმების ესკალაციის შემდეგ, წითელი ზღვის გავლით, ყველა გადაზიდვას შეაჩერებს. „წითელ ზღვაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების ფონზე, BP-მ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ყველა ტრანზიტი წითელ ზღვაზე,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიამ – Maersk-მა და Hapag-Lloyd-მა ორი დღის წინ განაცხადეს, რომ შეაჩერეს ტვირთების გადაზიდვა წითელი ზღვის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობისთვის. მანამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა არის ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო. იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ ორ გემზე მიიტანეს იერიში. ამასთან, თავდასხმის მიზეზად დაასახელეს ის, რომ გემებმა უგულებელყვეს იემენის საზღვაო ძალების განცხადება და ეს იყო პასუხი პალესტინელი ხალხის ჩაგვრაზე ღაზის სექტორში.
BP აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინა
ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, „ბრითიშ პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ ბრაზილიის სანაპიროსთან, ბოლო 25 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამჟამად კომპანია საბადოს პოტენციალის დასადგენად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ატარებს. ახალაღმოჩენილი საბადო ატლანტის ოკეანეში, მარილის შრის ქვეშ მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ბრიტანულმა კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში მიიღო. საბადო, რომელსაც „ბუმერანგი“ უწოდეს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო დე ჟანეიროდან 404 კილომეტრში მდებარეობს. „ბრითიშ პეტროლიუმის“ სპეციალისტები აცხადებენ, რომ საბადოს დამუშავებისას უკვე აღმოჩენილია 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის სასარგებლო წიაღისეული მარაგი. ინფორმაციისთვის, „ბუმერანგი“ რიგით მეათე საბადოა, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმმა“ აღმოაჩინა. მანამდე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები ნაპოვნია ტრინიდადში, ეგვიპტეში, მექსიკის ყურეში, ლიბიაში, ნამიბიაში, ანგოლაში. „ბუმერანგამდე“ ბრიტანული კომპანიის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩენილ საბადოებს შორის, აზერბაიჯანში მდებარე „შაჰ-დენიზი“ იყო უდიდესი და მისი ფართობი 140 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.
BP აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და თურქეთისთვის მილსადენის ოპერატორის როლის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მედია
BP მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენების ოპერატორის ფუნქციების გადაცემაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მოლაპარეკებების შესახებ ინფორმაცია Report-ს BP Azerbaijan-მა დაადასტურა. კომპანიამ აღნიშნა, რომ არსებული მილსადენების მართვის შეთანხმებების თანახმად, ნავთობისა და გაზის მილსადენების ოპერატორის როლი წინასწარ განსაზღვრულია და მისი გადაცემა დაგეგმილია შესაბამის სამთავრობო ან სახელმწიფო ორგანოსთვის, შეთანხმებულ ვადებში. „ამ შეთანხმებების საფუძველზე, 2021 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერაციები გადაეცა SOCAR-ს როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. ანალოგიურად, ეს შეთანხმებები ითვალისწინებს დასავლეთის ექსპორტის მილსადენის (ბაქო-სუფსა) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორის ფუნქციების გადაცემას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი ორგანოებისთვის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში,“ - განაცხადა BP-მ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ-ზეა გადაჭიმული, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანშია, 249 კმ საქართველოში და 1076 კმ თურქეთში. BTC Co.-ს აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), Itochu (3.4%), Inpex (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (3.1%). ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელიც განკუთვნილია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ბლოკიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის აპრილში. მილსადენი მოიცავს 837 კმ-ს, მათ შორის 775 კმ ახალ 21 დიუმიან (530 მმ) მილს და 55 კმ რეაბილიტირებულ მონაკვეთებს, რომელთა გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტია (145,000 ბარელი დღეში). ამ მარშრუტზე ოპერაციები შეჩერდა 2022 წლის გაზაფხულზე და ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის მთელი ექსპორტი BTC მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.