ბულგარეთმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა

ბულგარეთის პარლამენტმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა.

მანამდე, უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას, გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში.

„ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 16 დეკემბერს.

რუსეთის გაზი უნგრეთში, სერბიასა და ავსტრიამდე ბულგარეთის ტერიტორიას გადის.

„მე არაერთხელ ვუთხარი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრს) ვიქტორ ორბანს, რომ ეს გადასახადი არ არის მიმართული უნგრეთის წინააღმდეგ. მათ, ალბათ, აქვთ გარკვეული ეჭვები ან იყენებენ მას საბაბად (ჩვენს დასაბლოკად). მნიშვნელოვანია ამ დაბრკოლების მოხსნა და ვიცოდეთ, რომ უნგრეთთან ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრობლემები შენგენისთვის,“ განუცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა ტელეკომპანია Nova-ს.