მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა

მოლდოვის პარლამენტი დსთ-ს ფარგლებში დადებულ კიდევ ორ შეთანხმებას აუქმებს.

ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.

საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის პარლამენტის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე ორი საკონსულტაციო დასკვნა დაამტკიცა, იტყობინება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.


ამჯერად საუბარია დსთ-ში სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა კიევში, 1992 წლის 20 მარტს და ასევე, სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფების შექმნისა და ჩართვის დროებითი პროცედურის შესახებ ოქმს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, კიშინიოვმა დსთ-დან თანდათანობითი გასვლის შესახებ განაცხადა და უკვე გააუქმა ათობით ხელშეკრულება.