საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით. თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, ტყუილია და აღნიშნა, რომ გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება.
„პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის," - აღნიშნა შს მინისტრმა.
გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა.
„გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება.
უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას.
ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება.
ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას... ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.