გერმანიის შს მინისტრი: უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ითხოვდნენ თავშესაფარს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0,3%-ია. ფეზერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩადიოდნენ გერმანიაში და არ ითხოვდნენ თავშესაფარს.

 „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მკურნალობა შეუწყდათ და საქართველოში დაბრუნება უწევთ. ხომ არ შეიძლება, შემსუბუქდეს მიდგომები მიგრაციის კანონის გამკაცრების პარალელურად, ასევე, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ გერმანიაში,“ - ნენსი ფეზერმა მედიის ამ შეკითხვას უპასუხა.


„ჩვენი შეთანხმებით და ასევე, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ 0,3% არის თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება.


მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი,“ - განაცხადა ნენსი ფეზერმა.