უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერის ფონდმა 400 მილიონი ევრო შეაგროვა

უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდმა 400 მილიონი ევრო (438 მილიონი აშშ დოლარი) უკვე დააგროვა, რაც უკრაინას ზამთრის გადალახვაში დაეხმარება, იტყობინება Ukrinform-ი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონზე დაყრდნობით.

ფონდი 2022 წლის გაზაფხულზე სიმსონისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშჩენკოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა, რათა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მას ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო, ვენაში დაფუძნებული ენერგეტიკული საზოგადოების აღმასრულებელი ინსტიტუტი მართავს.

სიმსონმა მოუწოდა ევროპელ მინისტრებს, განაგრძონ კიევის მხარდაჭერა აღჭურვილობითა და ფინანსური დახმარებით, რათა დაეხმარონ ქვეყანას ომის პერიოდში მეორე ზამთრის გადალახვაში.

ფონდის წამყვანი დონორები არიან ევროკავშირი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, აშშ, ბელგია, დანია, ავსტრია და რამდენიმე კერძო კომპანია.

გასულ წელს, ცივი ამინდი და რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებდა, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ რუსეთი განზრახ იღებს მიზანში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 დეკემბერს კიევისა და ცენტრალური უკრაინის წინააღმდეგ კოორდინირებული რუსული სარაკეტო დარტყმა, სავარაუდოდ, იყო "უფრო შეთანხმებული კამპანიის დასაწყისი", რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დეგრადაციას.