ამერიკელი სენატორები უკრაინის დამატებითი დახმარების პაკეტს მომავალი წლის დასაწყისამდე არ უყრიან კენჭს. ამის შესახებ სენატის დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა და რესპუბლიკელების ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ერთობლივ განცხადებაში მიუთითეს. მანამდე თეთრმა გააფრთხილა კანონმდებლები, რომ წლის ბოლომდე აშშ-ს ამოეწურებოდა უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული თანხა.
შუმერისა და მაკკონელის განცხადებით ირკვევა, რომ მომლაპარაკებლებმა „იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს“, თუმცა „რთული საკითხები გადასაწყვეტი რჩება.“
რესპუბლიკელების მოთხოვნა აშშ-მექსიკის საზღვარზე საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე, მთავარი საკითხია, რასაც რესპუბლიკელები უკრაინისთვის დამატებით დახმარების გამოყოფაზე დათანხმებას უკავშირებენ.
„ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან მონდომებით იმუშავებენ დეკემბერ-იანვრის არდადეგების პერიოდში. ჩვენი მიზანია, დაბრუნებისას რაღაცას მივაღწიოთ,“ - განუცხადა დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს სენატში. თავის მხრივ, სენატში რესპუბლიკელების ერთ-ერთ ფრაქციის ხელმძღვანელმა ჯონ ტუნმა დაადასტურა, რომ შეთანხმება 2024 წლის დასაწყისამდე ვერ მიიღწევა.
„დემოკრატებმა გააჭიანურეს [პროცესი] იმ მომენტამდე, ვიდრე რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევა სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხზე შეუძლებელი გახდა შობამდე,“ - აღნიშნა ტუნმა.
აშშ-მ უკრაინას შეიარაღებისა და მხარდაჭერისთვის 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, 100 მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დამატებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მიმართა და მოუწოდა, რომ ეს საშობაო არდადეგების დაწყებამდე დაემტკიცებინათ.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საშობაო შესვენება კანონპროექტისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლად დაიწყო.
იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ის დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას დათანხმდება, გაურკვეველი რჩება, დაუჭერს თუ არა მას მხარს რესპუბლიკელების კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა. რესპუბლიკელთა ნაწილი კიევისთვის თანხის გამოყოფას აპროტესტებს.
აშშ უკრაინისთვის დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, პირველ ადგილზეა.