სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია

სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. Europetime დაინტერესდა, რა ეტაპზეა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სტრატეგია და ხსენებული შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.


სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს.


„შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამ სტრატეგიის წინსვლისა და საერთო მიზნების მისაღწევად. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, ხორციელდება; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთელი მთავრობის ხედვასა და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, სამომავლოდ, ჩვენ შეგვიძლია, განვავითაროთ ინიციატივები და მივმართოთ დაფინანსების მოთხოვნას მათი განხორციელების მხარდასაჭერად,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე.


ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეგახსენებთ, სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. ავტორიზაციის აქტში საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზეც. მისი მიხედვით, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნულ უშიშროების საბჭომ უნდა შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით.