თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
კირბის თქმით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი მიღწეულია, რაც, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას შესაძლებელს გახდის
„გარკვეული პროგრესი [მოლაპარაკებებზე] მიღწეულია, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესი. ამ დაფინანსების რაც შეიძლება სწრაფად მიღება გვსურს. როგორც ჩანს, ეს სადღაც იანვარში მოხდება, მაგრამ რაც უფრო ადრე - მით უკეთესი,” - განაცხადა კირბიმ.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უკრაინისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების საშუალება გააჩნია, მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე მომავალში ამის საშუალება არ იქნება.