უკრაინის დახმარება: ბაიდენის ადმინისტრაციამ რესპუბლიკელებთან „გარკვეული პროგრესის“ მიღწევაზე განაცხადა

თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.


კირბის თქმით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი მიღწეულია, რაც, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას შესაძლებელს გახდის

„გარკვეული პროგრესი [მოლაპარაკებებზე] მიღწეულია, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესი. ამ დაფინანსების რაც შეიძლება სწრაფად მიღება გვსურს. როგორც ჩანს, ეს სადღაც იანვარში მოხდება, მაგრამ რაც უფრო ადრე - მით უკეთესი,” - განაცხადა კირბიმ.


მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უკრაინისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების საშუალება გააჩნია, მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე მომავალში ამის საშუალება არ იქნება.