უკრაინამ ევროკავშირისგან რეკონსტრუქციისთვის 150 მილიონი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან გრანტების სახით 150 მილიონი ევრო (164,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღო.

გრანტი გაიცა უკრაინის სწრაფი აღდგენის დაფინანსების ხელშეკრულების მხარდაჭერის ფარგლებში.

„საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებული კრიტიკული ობიექტების აღდგენის პრიორიტეტულ ღონისძიებებს, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სოციალურ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ შენობებს,“ - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ.


ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 100 მილიონი ევროს მეორე ტრანში 2024 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. თანხები გამოყენებული იქნება როგორც აღდგენის ღონისძიებების დასაფინანსებლად, ასევე, მცირე მეურნეობების და სხვა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად. 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინამ თითქმის 37,4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საერთაშორისო დახმარება მიიღო, საიდანაც 4,7 მილიარდ დოლარზე მეტი კიევს ოქტომბერ-ნოემბერში გადაეცა.