ორბანი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდა - AP

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა მიიღო.

შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

„მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?" განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს, განიხილოს უკრაინის წინადადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ორბანმა განაცხადა, რომ ის ზელენსკის წინადადებას მომავალი შეხვედრის შესახებ, 10 დეკემბერს, არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ფიცის დადების ცერემონიაზე მოკლე საუბრის დროს დათანხმდა.


ორბანისა და ზელენსკის შეხვედრა შეიძლება, ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა იყოს.

მანამდე ორბანმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფას. უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება კი, მის გარეშე მიიღეს.