დანიამ და აშშ-მ თავდაცვის სფეროში შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს

დანიამ და აშშ-მ თავდაცვის სფეროში შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს. დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონმა ბლინკენმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს რასმუსენმა აშშ-ში მოაწერეს ხელი.  ბლინკენის თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.


„ჩვენი სამხედროები შეძლებენ კოორდინაციას უფრო ეფექტიანად, ვიდრე დღეს. ჩვენი ჯარები ერთად გაივლიან სწავლებას უფრო შეუფერხებლად და უფრო ხშირად. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს თავსებადობას, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ალიანსს, უკეთ დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა ხალხისთვის მთელ კონტინენტზე.

დღევანდელი შეთანხმება ეფუძნება სამუშაოს, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ატლანტის ოკეანის მიღმა მოკავშირეებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე, ბალტიიდან შავ ზღვამდე,“ - განაცხადა ბლინკენმა.


მისივე თქმით, დანია აგრძელებს წამყვან როლის შესრულებას იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინასთან პუტინის მიერ წარმოებული ომი მოსკოვისთვის სტრატეგიულ მარცხად დარჩეს.

„დანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აიღო ვალდებულება, უკრაინისთვის მიეწოდებინა F-16-ები და მოამზადა უკრაინელი მფრინავები მათ სამართავად. ამ თვის დასაწყისში დანიამ პირობა დადო, რომ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკებს, დრონებს, საბრძოლო მასალას გადასცემს და ერთობლივად დააფინანსებს შვედური ჯავშანტექნიკის მიწოდებას - ეს ყველაფერი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი დემოკრატია. ჩვენი ქვეყნები ერთად არიან მოწოდებულნი, რომ უკრაინას საშუალება მისცენ, დადგეს მტკიცედ - სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტ ბაიდენის დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა ასეთი კრიტიკული და ამიტომაც გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას მის დასამტკიცებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.


„ორივეს მტკიცედ გვჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ალიანსის. დანია და შეერთებული შტატები არიან ახლო მეგობრები და ახლო მოკავშირეები - ახლა ჩვენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

ეს ასევე გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას NATO-სა და სკანდინავიის რეგიონში. როგორც ახლა აღნიშნეთ, თქვენ მსგავსი შეთანხმებები გააფორმეთ ჩვენს სკანდინავიელ მეგობრებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ადრე თუ გვიან, მივესალმოთ ჩვენს ახლო სკანდინავიურ მეზობელს და ქვეყანას შვედეთს NATO-ში. ეს თავდაცვის შეთანხმება არის ნაბიჯი უფრო უსაფრთხო სკანდინავიის რეგიონისკენ. ეს არის ნაწილი იმ პაკეტისა, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო ორი წლის განმავლობაში - გავზარდეთ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, მივესალმებით ალიანსში ახალ წევრებს, ორმხრივ შეთანხმებებს.

ეს გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიის განმსაზღვრელ მომენტში, როდესაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება. ბატონო მდივანო, ჩვენ მრავალი კრიზისის წინაშე ვდგავართ. რუსეთი კვლავ აწარმოებს სასტიკ ომს ევროპის კონტინენტზე; ტერორი ისრაელში; ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზის სექტორში. ასეთ დროს, მეგობრები ერთად უნდა იყვნენ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ,“ - აღნიშნა თავის მხრივ, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


10-წლიანი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ამ თვეში ფინეთთან და შვედეთთან მოაწერა ხელი.

შვედეთმა მსგავს შეთანხმებას დეკემბერში მოაწერა ხელი, ხოლო ნორვეგიამ, რომელსაც ასევე მოკლე საზღვარი აქვს რუსეთთან, 2021 წელს გააფორმა დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო აქტივობა მის ტერიტორიაზე.