პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გადაწყვიტა, ვეტო დაადოს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც მომავალ წელს ქვეყნის სახელმწიფო მედიისთვის 3 მილიარდი ზლოტის (თითქმის 700 მილიონი ევროს) გამოყოფას ითვალისწინებს. დუდამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ცნობა X-ზე გაავრცელა.
მისი განმარტებით, ხსენებულ საკითხზე შეთანხმება შეუძლებელია კონსტიტუციისა და დემოკრატიული კანონის პრინციპების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით.
„სახელმწიფო მედია ჯერ სამართლიანად და კანონიერად უნდა აღდგეს,“ - წერს დუდა.
მანვე განმარტა, რომ შობის შემდეგ ის დაუყოვნებლივ წარუდგენს სეიმს საკუთარ პროექტს. დუდამ მოუწოდა სეიმის სპიკერს შიმონ გოლოუნიას და სენატის სპიკერს მალგორზატა-კიდავა ბლონსკას, სასწრაფოდ მოიწვიონ ორივე პალატა, რათა განიხილონ და მიიღონ ეს კანონპროექტი ამ წლის ბოლოს.
მანამდე დუდამ წერილით მიმართა პრემიერ -მინისტრ დონალდ ტუსკს სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენებასთან დაკავშირებით და მოუწოდა მას, „პატივი სცეს პოლონეთის სამართლებრივი წესრიგს.“ ტუსკმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლონეთის სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენება სწორედ „საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და ზოგადად, წესიერების აღდგენას ისახავდა მიზნად.“