რიგაში, BBC-ის წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა

რიგაში BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების მიერ შაბათს გამართულ წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა. ამის შესახებ მედია თვითმხილველებზე, მათ შორის, BBC-ის თანამშრომლებზე, დაყრდნობით იუწყება.


გავრცელებული ინფორმაციით, 23 დეკემბრის გვიან საღამოს, როდესაც რიგის ბარში სტუმრები თითქმის არ იყვნენ, გარდა BBC-ის ჟურნალისტებისა, უცნობმა პირმ rgd-5-ის კლასიფიკაციის ყუმბარის სასწავლო ანალოგი იატაკზე დააგდო.

აფეთქებისას არავინ დაშავებულა. სროლის შემდეგ თავდამსხმელი მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ლატვიის სახელმწიფო პოლიციამ დაადასტურა, რომ 23 დეკემბრის საღამოს რიგაში მდებარე ბარში პიროტექნიკური მოწყობილობა - სასწავლო ხელყუმბარა შეაგდეს. 24 დეკემბრის დილით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.


პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოტივი, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი იყო, რომელიც ადრე ბარში მოხდა და მომხდარი არ იყო დაკავშირებული BBC-ის ჟურნალისტების ბარში ყოფნასთან. მომხდართან დაკავშირებით საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.