TI-საქართველო: წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა

მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.


როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე.

„2023 წელს, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები. მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


ამასთან, განმარტავენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.