„ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს,“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეკითხვას ხავიერ კოლომინას ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა.
თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებაში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.