„თუ თავს დაგვესხმებიან ან ჩვენ დაგვემუქრება, ვიმოქმედებთ“ - კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ბაზის შექმნის გეგმაზე

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

კოლომინა ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც  ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის NATO-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, NATO-ს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება,“ - განაცხადა კოლომინამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.


მისი თქმით, ის, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა.

„ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში. NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის, ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ, როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში.“